მიწა ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი კომპონენტია
ავტორები: პაატა კოღუაშვილი, ბადრი რამიშვილი
საკვანძო სიტყვები: მიწა; რეგულირება; მიწის კანონმდებლობა; სათემო მიწათმფლობელობა.
J.E.L. Classification: Q15, Q18
DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.03
ციტირებისათვის: კოღუაშვილი პ., რამიშვილი ბ., (2022) მიწა ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი კომპონენტია ეკონომიკური პროფილი. ტომი 17, 1(23), გვ. 132-142. DOI: https://doi.org/10.52244/ep.2022.23.03
ანოტაცია.
ისტორიულად საქართველო მსოფლიოს პროვინცია არ იყო. იგი იყო თვითმდგომი, სხვა ყველასაგან გამოყოფილი და განსხვავებული სახელმწიფო, რომელიც თვითონ ზრუნავდა თავის დაცვასა და მოვლაზე და, შესაბამისად, თვითონ საზღვრავდა თავის ე.წ. ღირებულებათა სისტემასა და სკალას, თავისი ზნეობის, თავისი სოციალური ურთიერთობებისა და პირადი ურთიერთობების წესებს. საქართველო იყო „მცირე, მაგრამ ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ცივილიზაცია“ (აკად. ნიკო მარი) სხვა დიდ და მცირე ცივილიზაციათა შორის.
ქართველი ერის მენტალიტეტი, ისტორიულად, დემოკრატიულია. ისტორიულად საქართველო სრულყოფილად ფეოდალური ქვეყანაა, რომელიც თავისი დამოუკიდებელი არსებობის ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე (რუსეთის მიერ ანექსიამდე. 1801 წ.) ქანაობდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე თავის მეზობელ მუსლიმურ იმპერიებთან ბრძოლაში (ფეოდალიზმი, როგორც ცნობილია, შუა საუკუნეთა დემოკრატიაა. საქართველოს დიდი მეზობლები – თურქეთი, ირანი და რუსეთი, მანამდე – ბიზანტიაც კი, პირიქით, დესპოტიები იყვნენ). საქართველოს ერთმა მეოთხედმა – მთამ – ისტორიის ათასწლეულები ე.წ. სათემო დემოკრატიის (უბატონო ტერიტორიული თემობის, სათემო მიწათმფლობელობის) პირობებში გაიარა. საქართველო თავისი ღრმა ქრისტიანული კულტურის, თავისი ფეოდალური ისტორიის (ხოლო მთაში – ე.წ. „სათემო დემოკრატიის“ ანუ თემობაზე დამყარებული ისტორიის) წყალობით ტიპოლოგიურად დასავლური ქვეყანაა, თავისი მთელი ისტორიის მანძილზე სწორედ დასავლეთთან კავშირისკენ მოსწრაფე.
საქართველო პირველ მიწათმოქმედთა ქვეყანაა. ქართველები უძველესი დამოუკიდებელი სამიწათმოქმედო კულტურისა და ტრადიციების მქონე ერი ვართ. ჩვენი წარსული და მომავალი გაპირობებული და გაშინაარსებულია მიწასთან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური თუ ემოციური საწყისებით. ყოველივე ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც მიწასთან მარადიული ურთიერთობის ტრადიციიდან გამომდინარეობს.
მიწა ქართველთა ცნობიერებაში „შეურყვნელი“, „შეუბღალავი“, „სუფთა“ და „წმიდაა“. „წმიდა ნაკვეთი“ გაღვთიურებულია წარმართულ საქართველოში.
მიწის განცდა ქართველი კაცისათვის მისი საერთო მსოფლაღქმის უშუალო გამოვლენაა. მიწისა და მიწათმოქმედების გააზრებისა და მოწყობის ქართული მოდელის საწყისები სწორედ ქართველის ზოგად-კულტურულ ვინაობასა და რაობაში უნდა ვეძიოთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
- კოღუაშვილი პ., ზარდიაშვილი დ.,. (2018) მიწის საკითხი მიწათმფლობელობის და მიწათსარგებლობის ქართული წესით უნდა გადაწყდეს! ახალი აგრარული საქართველო. №5(85), გვ. 10-13.
- კოღუაშვილი პ., რამიშვილი ბ., (2018) მიწის სტრატეგიის ფუნდამენტური საკითხები: მიწის სტრატეგია - სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველი. ეკონომისტი. №2, გვ. 16-22
- კოღუაშვილი პ., ჩიხლაძე ნ., (2021) სათემო კოოპერაცია - მთიანეთის აღორძინების ეფექტიანი მექანიზმი. ეკონომიკური პროფილი. №2(22). DOI: https://doi.org/10.52244/ep.2021.22.07
- კოღუაშვილი პ., (2021) საქართველოში სოფლის განვითარებისა და მიწის სისტემური პოლიტიკის შესახებ. ბიზნეს-ინჟინერინგი. №3-4.
- კოღუაშვილი პ., ზარდიაშვილი დ., (2017) ეროვნული თანხმობა საქართველოს მიწის გადარჩენის აუცილებელი პირობაა. ეკონომიკა და ბიზნესი. ტ.10, №2.
- კოღუაშვილი პ., რამიშვილი ბ., (2011) მიწა და სახლმწიფო. ეკონომიკა და ბიზნესი №16.
- კოღუაშვილი პ., (2013) ილია ჭავჭავაძე მეურნის თვალით. თბ., „მერიდიანი“.
- კოღუაშვილი პ., (2021) მიწის საკითხი არსებითად არის დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. ახალი აგრალური საქართველო. №2.